1
ერთხელ მეფე ერეკლე II მიბძანდებოდა თურმე ქალაქიდამ კახეთს და თან, რასაკვირველია, ამალა ხლებია. მზე დაწურვაზედ ყოფილა, როცა მეფე მიბძანებულა საგარეჯოს ბოლოებზედ, დაუნახავს, რომ ერთს ყანაში დიდძალი მუშა დგას და მკის. იკითხა – ეს ამოდენა მუშა ვისიაო. მოახსენეს – აქ საგარეჯოში ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო.
– შაბაშ გლეხსაო, – ბრძანა თურმე და იმისი ვინაობა იკითხა. მოახსენეს ვინც არის და თან დაატანეს: ასეთი ხელმოჭერილი რამ კია, რომ პურს არავის აჭმევს, თუ არას გამორჩაო.
შეაყენა მეფემ ცხენი და უბრძანა: თუ აქ არის ის გლეხი, აქ მომიყვანეთო.
მოიყვანეს. მეფემ უბრძანა: ვახშმად ჩემის ამალით მენი სტუმარი ვარო.
– მობძანდი, შენი ჭირიმე! – უპასუხა გლეხმა: – მაპატივე კი, აქ სამზადისი არა მაქვს, შინ მეწვიეო.
მეფემ ნება დართო. გლეხი გადაჯდა ცხენზედ და ჭენებით წინ წავიდა. ვიდრე მეფე აბძანდებოდა სოფელში, ჩამოღამდა კიდეც. გლეხი წინ მოეგება, მიიწვია მეფე მიწურის სახლის ბანზედ, რომელიც თავიდამ ბოლომდე საფენით მოეფინა კიდეც. ძალიან კარგად დაჰხვდა თურმე მეფესა და იმის ამალასაც. როცა მეფემ ვახშამი მიირთო, წასვლა დააპირა და ცხენები მოითხოვა. მოართვეს ცხენები. გლეხს მადლი უბრძანა და ზედ დაატანა:
– აკი, შვილო, შენ პურს არავის აჭმევ ისე, რომ არას გამორჩეო?
– მაინც ეგრეა, შენი ჭირიმე! – უპასუხა თამამად გლეხმა: – მართალი მოუხსენებიათ.
– როგორ? აბა დღეს მე რას გამომრჩი?
– აი ბანზე მიწა ახლად დაყრილია. ამის დატკეპნას კარგა მუშა მოუნდებოდა და მე მეტი გამორჩომა რად მინდა, რომ ჩემმა ბატონმა და ამოდენა დიდებულმა ხალხმა თავისის საკუთარის ფეხით ბანი დამიტკეპნესო.
მეფეს მოეწონა ეს მოსწრებული სიტყვა, გაეცინა და ხალათი უბოძა.
2
მეფე ერეკლე II-ს ჰხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედაკაცი და მოწყალება ეთხოვნა.
– სხვისა მამავ და ჩემო მამინაცვალო, ერთხელ ჩემკენაც მოიხედეო, – ეხუმრა დედაკაცსა.
– რა არის, ამოდენა ხანია სულ მოწყალებაზედ დადიხარო, – ებრძანებინა ხუმრობითვე მეფეს, – განა შვილები არა გყავსო?
– მაშ რის დედაკაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზარდოს, შვიდი შვილი გაგიზარდეო!
– არა გრცხვენიან, დედი, შვიდის შვილის პატრონი და საგლახაოდ დაიარებიო!?
– ვიშ, შენი კვნესამე! ნეტავი ერთი მყვანდეს და შენისთანაო.
ვ
მეფე გიორგი XIII-ეს ერთი კარისკაცი ჰყოლია. თუმცა ხნით მეფეზედ უფროსი ყოფილა, მაგრამ წვერ–ულვაშში ერთი ჭაღარაც არა რევია თურმე. ერთხელ მეფეს იმისათვის ებრძანებინა:
– ერთი მითხარ, რისაგან არის, რომ მე ამოდენა ჭაღარა გამომერია, ლამის სულ გავთეთრდეო და შენ კი, ჩემზედ უფროსს, ეგრე შავად შეგაბერდა თმა და წვერ–ულვაშიო?
– წესიც ეგრეა, ბატონოო! – უპასუხა კარისკაცმა. – თქვენ ხელმწიფე ბძანდებით, პირნათლად უნდა სუფევდეთო, და მე კი თქვენი ყმა ვარ, პირშავადაც რომ ვიყო, არა მიშავს–რაო.
4
მეფე გიორგი XIII ერთს დროს ყაზახ–ბორჩალოს მიბძანებულა და სწვევია ერთს დარბაისელს, საქართველოს ერთგულს მოხუცებულს აღალარსა. ჩამოვარდნილა ლაპარაკი ცხენებზედ და მეფეს უკითხავს აღალარისათვის:
– ყაზახ–ბორჩალოს ცხენი უწინ გათქმული იყო მთელს საქართველოში, ეხლა კი იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან. რა იქმნენ ის უწინდელი ცხენებიო?
– იმ ცხენებზე ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო, – უპასუხა გულამოჯდომით მოხუცებულმა აღალარმა.
1887 წ.