ესეც პირველი დღე მეოცე საუკუნისა. ამ ახალ საუკუნეს ჯერ არა ეთქმის რა, გარდა იმისა, რომ შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო. წარსულმა საუკუნემ, რომელმაც დღეს გზა და ტახტი თავისი დაუთმო ახალს საუკუნესა, ბევრი რამ შესძინა ქვეყნიერობასრაც ამ საუკუნეში მეცნიერებამ სასწაული მოახდინა, რაც განათლებულ ქვეყნების ადამიანმა სახელი და დიდება მოიპოვა, მთელს დანარჩენს თვრამეტს საუკუნეს ერთად არ უნახავს. რა თქმა უნდა, რომ წინა საუკუნეთაც არ ემოქმედნათ, არც ეს მეცხრამეტე საუკუნე იქნებოდა ასე ნაყოფიერი, რადგანაც, რაც გინდა სთქვან, წინა საუკუნენი სთესდნენ და სახელი და დიდება მეცხრამეტე საუკუნისა ის არის, რომ უხვი მოსავალი მოგვცა ნათესისა, იმოდენად უხვი, რომ მოულოდნელი იყო ჩვენთა წინაპართათვის.
ბეკონმა, ინგლისის ფილოსოფოსმა, სთქვა, რომ პროგრესი კაცობრიობისა სხვა არა არისრა გარდა იმისა, რომ დღიდამ დღემდე განზე გადადგმულ იქმნას საზღვარი შეუძლებელისაო. ამ თვალით რომ შეხედოს კაცმა ამ მეცხრამეტე საუკუნის ღვაწლს, მართლა რომ საკვირველებაა. რაც შეუძლებლად მიაჩნდათ ჩვენთა მამაპაპათადღეს შესაძლებელი გახდა მეცხრამეტე საუკუნის წყალობით. მანძილი, რომელიც დღესაქამომდე იყო სხვადასხვა ქვეყნებშორის, რკინისგზებმა, ტელეგრაფებმა და ტელეფონებმა თითქმის მოსპეს. დოსტაქრობამა და მკურნალობამ იქამდე მიაღწია, რომ ცოცხალ ადამიანის აგებულებაში თითქმის გამოუცნობი და დაუნახავი, გაუსწორებელი, შეუკეთებელი აღარა არისრა. დღეს ცოცხალ ადამიანის შიგნეულობას ისე ჰხედავენ, ისე ითვალისწინებენ, თითქო გარეთ გამოტანილი საგანიაო. ბევრს ჭირს, რომელიც დღესაქამომდე მუსრს ავლებდა ქვეყნიერობას, წამალი უპოვეს, და ლამის ის სიცოცხლის ელექსირიცკი იპოვონ, რომელსაც ასე გულმოდგინებით ეძიებდა და ეძიებს ყოვლადმძლევი გონება ადამიანისა. მეცნიერება უკვე წააწყდა სახსარს მოხუცებულობისაგან განახლებისათვის და, ვინ იცის, იქნება მალეც მოვესწრათ, რომ ამ გზაზედაც მეცნიერებამ თავისი სასწაულთმოქმედება გამოიჩინოს. ადამიანი გამოკეთდა აზრით, ფიქრით, ქონებით, გონებით და ზნეობით. სიმდიდრემ გონებითმა, ზნეობითმა და ქონებითმა იმ სიმაღლემდე მიაღწია, რომ სიზმრადაც არ ზმანებიათ წინანდელ საუკუნეებს. ერთობ კაცობრიობის სიკეთემ აიწია, წეწვაგლეჯამ, ერთმანეთზე მისევამ, ერთა ერთმანეთზე მტრულად მისვლამ, — პირში ლაგამი ამოიდო საზოგადო მსჯავრის შიშითა. ეხლანდელმა ომმა ინგლისისამ და ტრანსვაალისამ, სხვას აღარ ვიტყვით, ცხადი მაგალითი გვიჩვენა, რომ კაცობრიობა ჰთაკილობს ძლიერისაგან უძლურზე ზედმისევას, თავდასხმას, და ამისთანა უსამართლო მოქმედებას თავისს სამართლიანს მსჯავრსა სდებს წყრომისას და რისხვისას.
ვინ მოსთვლის ყოველს იმ სიკეთეს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემ შესძინა კაცობრიობას. ერთი დიდი და სახელოვანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი, რა წოდებათა კიბის საფეხურზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და ვითარცა ადამიანიყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულშესატკივარი. მართალია, ამ მოძღვრების დასაბამი დიდის ხნისაგან მოდის, მაგრამ ამ საუკუნემ ეს მოძღვრება განადიდა, გააძლიერა, გააფართოვა და, დაუდვა რა მეცნიერული საბუთი, ღარიბთა და უძლურთა სამწეო მოძღვრებად გარდააქცია. ამ მეცხრამეტე საუკუნემ სოციალურის წყობილების იდეალად გამოსახაგაუქმება ქონებისა და შემოსავლის მეტნაკლებად განაწილებისა ადამიანთა შორის, გაუქმება ყოველის კლასობრივის ბატონობისა და, შეძლებისამებრ, ყოველის კლასობრივის სხვადასხვაობისა, ფეხზე წამოყენება და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასებისა წარსამატებლად“. ამ გზაზე წინა საუკუნეებს ერთად იმოდენი არა უქმნიათრა, რაც ამ ერთმა მეცხრამეტე საუკუნემ ჰქმნა თვისდა პატივის მოსახსენებლად.
ერთის სიტყვით, რასაც კი თქვენდა გარეშემო თვალს და ყურს მოჰკრავთ, ყველგან წარმატება და წინსვლაა. მართალია, შექსპირისა არ იყოს, ქვეყნიერობაში კიდევ ბევრი რამ არის, რომელიც სიზმრადაც არ მოზმანებიათ ეხლანდელ მეცნიერთ, მაგრამ რაც დღემდე იქმნა, ისიც დიდი ძლევამოსილობაა ადამიანის მჭრელის გონებისა, და აქ ღვაწლდადებული იგი საუკუნეა, რომელმაც გუშინ გზა დაულოცა ახალს საუკუნეს, ეხლა შენ იცი და შენმა ძალღონემაო.
კიდევ ვიტყვით: წარსულმა საუკუნემ თავისის მხრით ბევრი კეთილი შესძინა ადამიანს. ხოლო საკითხავი ეს არის: დღეს უფრო ბედნიერია კაცი, თუ არა, ამოდენა სიკეთით გარემოცული და ესე წარმატებულის მეცნიერებით გაღონიერებული და გაძლიერებული? არა გვგონია. მართალია, დღეს ადამიანი ერთობ, ღარიბია თუ მდიდარი, — უფრო უკეთ არის მოწყობილი, უფრო მეტად მოსახერხებელია მისთვის წასვლაწამოსვლა, ქვეყნიერობასთან გამოხმაურება, ქვეყნიერობასთან ურთიერთობის გაწევა; დღეს ადამიანი უფრო უკეთ იცვამს, იხურავს, უკეთ სჭამს და სვამს, მაგრამ ბედნიერება კი შორს არის. დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკივილისა, რომლის მორჩენაც მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალს საუკუნეს. მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა, ზნეობის აღმატება, — ჯერ ბევრს სხვას კიდევ ძლევამოსილობით მოიქმედებს, მაგრამ ამ მეცხრამეტე საუკუნის ანდერძზე უაღრესს და უდიდესს საგანს სხვას ვერას აღმოაჩენს და არ გაუთვალისწინებს კაცობრიობას დღეის ამას იქით.

[31 დეკემბერი, 1899 .]