ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეოარც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო.
ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა, დაუჯერებელია. არც თითონ დავიჯერებდით, რომ სანდო კაცისაგან არ იყოს გადმოცემული.
ივერიაშიამას წინათ მოხსენებული იყო, რომ გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებელთათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის. მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისათვის, რომ ქართულის სოფლის ბავშებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ, თუ ვიტიროთ?
წარსულს სექტემბერს ამ გორის სემინარიაში შევიდა ორმოცდაათი მოწაფე. ამათ რიცხვში ოცდათერთმეტი ყმაწვილი ქართველია, დანარჩენნი სხვადასხვა გვარტომისანი არიან. მაშასადამე, რაოდენობა ქართველთ ყმაწვილებისა შეადგენს ორმესამედს მთელის რიცხვისას. მომავალშიაც, რასაკვირველია, ქართველთა მოწაფეთა რიცხვი ამგვარადვე მეტი იქნება სხვებზედ. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი ექნებაო. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას სულ სხვა ფიქრი მოსვლია. მის დირექტორს მოუწვევია საშველად მეცნიერება, გამოუძიებია და დაუსკვნია, რომ ქართველები ქართველები არ არიანო. ჩამომავლობით, ამბობს იგი, სემინარიის მოწაფენი ეკუთვნიან თორმეტს გვარტომობასაო; ამათ შორის რუსები არიანო ექვსნი, ქართველები ცამეტნი, იმერლები თორმეტნი, სომხები ექვსნი, პოლაკები ორნი, ინგილონი ორნი, გურულნი ორნი, ფშავნი ორნი, აბხაზნი ორნი, უდინი ერთი, ჩერქეზი ერთი და ბერძენი ერთი. — ამგვარად, ქართველი, გურული, იმერელი, ფშაველიქართველად არ უცვნია გორის სემინარიის მეცნიერებას. მაშ, უფ. დირექტორის აზრით, რუსი, მოსკოველი, ტამბოველი, ვორონეჟელი, — რუსი არ უნდა იყოს, ეს სულ სხვადასხვა ტომისანი უნდა იყვნენ. ნუთუ ამის თქმა სდომებია უფ. დირექტორს, რომ ისე სასაცილოდ ქართველი ქართველს განუშორებია? არა, ბატონო, იმას ეს უფიქრია: „მართლა ქართველი, რომ ქართველად დარჩესო, ხომ მკითხვენ, ოცდათერთმეტი ქართველი მოწაფე გყავს და რატომ ქართულს არ ასწავლიო; თავი რად ავიტკივოო. ის არა სჯობია, ვსთქვა, რომ ქართველი ქართველი არ არისო“. ძალიან კარგადაც მოუგონია, სახელი და დიდება მომგონებელსმაგრამ ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
სემინარიასთან არსებობს მოსამზადებელი კლასი, რომელსაც პროსემინარიას უწოდებენ. წესდებულების ძალით, სემინარიასთან უნდა დაარსებულიყო სამი პროსემინარია: ერთში უნდა ისწავლონ ქართველებმა, მეორეშირუსებმა და მესამეშისომხებმა. შარშან სექტემბერში დაარსდა მხოლოდ ქართული პროსემინარია. ყოველის ეჭვის გარეთ იყო ყველასათვის, რომ ამ სასწავლებელში, რომელიც განსაკუთრებით ქართველებისათვის არის დანიშნული, ჯეროვანი გზა მიეცემოდა ქართულს ენას. მაგრამ აქაც უკუღმა დატრიალებულა საქმე. ამ პროსემინარიის მეორე განყოფილებაში ქართულის ენის ხსენებაც არ არის; მისთვის ერთი საათიც არ არის კვირაში დანიშნული და მოწაფენი ქართულს წიგნებსაც მოკლებულნი არიან. შესაძლებელია, რომ გორის სემინარიის გამგეობას ქართულის ენისათვის დრო არა ჰქონდეს, რადგანაც გვარტომობის გამოკვლევას ეგრე წარჩინებულად შესდგომია თავისდა სასახელოდ და იმ გამოკვლევაშია გართული. ჩვენ აქ არა გვეთქმისრა, მაგრამ ქართულს სასწავლებელში რომ ქართულს არ ასწავლიდნენეს მაინცდამაინც დაუჯერებელია. ჩვენ მარტო ამას ვკითხულობთ: ამაზედ ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
იმავე პროსემინარიის პირველს განყოფილებაში თუმცა ქართულს ასწავლიან თურმე, მაგრამ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ჯღაბნის მეტი არა ისწავლოსრა. უსათუოდ ამ განზრახვით მოუგონიათ ისეთი მეთოდი, რომ ქართულის სწავლა კი არა, ვგონებ ისიც დაავიწყდეს ბავშს, რაც იცოდა. ამ მეთოდის მომგონებელი გახლავთ ქართულის პროსემინარიის მასწავლებელი უფ. ნათიევი. ეს მეთოდი აი რაში მდგომარეობს: ერთსა და იმავე დროს ბავშმა უნდა გაიკვეთოს ქართული ასოები, რუსული ასოები, ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვების და ფრაზების შედგენა. ამასთან მათ უნდა დაიხსომონ რუსული სიტყვები და ახსნან რუსული ფრაზები. საწყალო ბავშებო! თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება კიდევ შეგრჩათ, ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას!.. ჩვენი ქართული ანდაზაორი კურდღლის მდევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსოუფ. ნათიევს ვერ მოსწონებია და უთქვამს: მე დავუმტკიცებ ქვეყანასაო, რომ მე ოთხს კურდღელს გამოვუდგები და ოთხსავე ერთად დავიჭერო. ნეტავი ექვსიც ერთად დაიჭიროს, ოღონდ კი მარტო კურდღლებს გამოუდგეს და ბავშების სწავლას კი თავი დაანებოს. უფ. ნათიევის ვარჯიშობაზედ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
უფ. ნათიევი არც ოთხის კურდღლის გამოდგომას დასჯერებია. მეხუთე კურდღელიც გაუგდია წინ. არ ვიცით, რა უნდა ვუქოთ უფ. ნათიევს, — სირბილი, თუ მეძებრობა. ქართულს და რუსულს ანბანთან იგი ასწავლის თურმე მოწაფეებს მესამე ანბანსაცა. ეს ამბანი არ გახლავთ არც ფრანციული, არც ნემეცური, არც ლათინური, არც ბერძნული, ერთის სიტყვით, იმ ანბანით, რაც კაცობრიობა არსებობს, არც წიგნი დაბეჭდილა და არც დაწერილა. იგი არ უნახავს წარსულსა, არ არსებობს აწმყოში და ყოვლად შეუძლებელია მომავალში. იგი მოზმანებია უფ. ნათიევს მისთა მოწაფეთა უბედურებისათვის. რა ანბანია ასეთი ახირებული ანბანი? — იკითხავს მკითხველი.
აი რა ანბანია. ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო. აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებითა. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდე ნიშნები ჩვენის ხმების გამოსახატავად, ამიტომაც უფ. ნათიევს თავისით მოუგონებია ახალი ასოები, არც რუსული, არც ქართული, არც ამ მთისა, არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია. აქ სწორედ უფ. ნათიევს ორი კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხმარდობას და სისწრაფეს! მაგრამ ჩვენი საწყალის ბავშების რა გადასახდელია, რომ უფ. ნათიევი ფეხმარდია. იმ ბაბილონის გოდოლს, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მესამე ანბანიც დაუმატა თურმე უფ. ნათიევმა. ვაი, თქვენი ბრალი, საწყალო ბავშებო! არ გეყოფათ განა ამდენი ანბანები, რომნათიაურიანბანიც, თქვენდა საუბედუროდ, არ გამოჩენილიყო?! ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
აბა, ეს ამბავი შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს და ასე დაუსჯელად ჩაიაროს? მეცხრამეტე საუკუნეში, ესე აშკარად სამასხაროდ საქმე გამხდარა სადმე? ესეთი სასაცილოდ აგდება მთავრობის კეთილგანკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა სადმე გაგონილა? გაგონილა, რომ ესეთი წვრილფეხობა, როგორიც უფ. ნათიევია და სემინარიის გამგეობა, ესე ფუჭად ხდიდეს მთავრობის ჩვენდამი მზრუნველობას და გულმტკივნეულებას?.. ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
თუ ჩვენ გვკითხავთ, ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს.

[1877 .]